2014 წლის ბოლო იყო, როდესაც პეტერბურგში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა ლიუდმილა სავჩუკმა სოც. მედიაში ხმამაღალი მესიჯები შეამცირა და უფრო ნეიტრალური პოსტების წერა დაიწყო. მალევე მას შემოხვდა რეკლამები ასეთი შინაარსით – “ვეძებთ განათლებულ რუსებს, რომლებსაც სურთ “კრეატივის ინდუსტრიაში” მუშაობა.” ლიუდმილას ყოფილმა კოლეგამ უთხრა, სინამდვილეში, რა სამსახურზე იყო ამ რეკლამებში საუბარი, – რომ ეს იყო საიდუმლო პროექტი, საიდუმლო ადგილას საიდუმლო ორგანიზაციისთვის, რაზეც საუბარის უფლება შეზღუდული ექნებოდა. ასე მოხვდა ლიუდმილა “ინტერნეტ კვლევის სააგენტოში” – ყოფილი კოლეგის შუამდგომლობით.
ლიუდმილამ მუშაობა 2015 წლის 2 იანვარს დაიწყო და ინტერნეტ კვლევის სააგენტოში 2 თვე გაატარა. შემდეგ კი, იქ მიღებული ცოდნა და მოსმენილი საიდუმლოები სააშკარაოზე გამოიტანა. ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ აგორებული დისკრედიტაციის კამპანია, მისი ზოგ შემთხვევაში ამერიკის ცენტრალური დაზვერვის აგენტად, ხოლო ზოგ შემთხვევაში უბრალოდ გარყვნილ ადამიანად გამოცხადება და მსგავსი აბსურდული მესიჯებით სოც მედიის გაჟღენთვა. თუმცა, ამ დროისათვის ლიუდმილა ამ ყველაფერს უკვე მეორეხარისხოვნად აღიქვამდა, რადგან მან თავისი საქმე გააკეთა – ტროლების ქარხანა და მისი მუშაობის მეთოდები სააშკარაოზე გამოიტანა.
ეს არ არის რუსული ტროლების ქარხანა
რუსული ჰიბრიდულ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საინფორმაციო ომის წარმოება. მათი გაგებით, ომი მიმდინარეობს არა მარტო ტანკებით და იარაღით, არამედ სიტყვით, გულის და გონების დაუფლებით. ტროლების ქარხნებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გაყალბებული სოციალური მედიის ანგარიშებით და გამოგონილი ამბებით, კრემლი ცდილობს შექმნას ან გარდაქმნას საზოგადოებრივი აზრი ისე, რომ ამას საზოგადოება თავადაც ვერ მიხვდეს.
ლიუდმილამაც მუშაობა ერთ-ერთ რიგით ტროლად დაიწყო. ყველა ტროლს ჰქონდა თემების სია, რომლის შესახებ მასალების შექმნისთვის უნდა დაეთმო დრო სამუშაო დღის (ან ღამის) განმავლობაში. ქარხანა 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ბოროტებას არასდროს სძინავს. ლიუდმილას თქმით, თემები სხვადასხვა დროს მოიცავდა ამერიკული და ევროპული ღირებულებების გაშავებას, პუტინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის დიდებას, ისევე როგორც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი გზავნილების გავრცელებას.
ტროლების ქარხანა ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა – საშინაო და საგარეო. ისინი, ვინც ინგლისურს ყველაზე კარგად ფლობდნენ, ინტერნეტში თავს ამერიკელებად ასაღებდნენ და ანგარიშებს ფეისბუქსა და ტვიტერზე ქმნიდნენ. სოციალურ ქსელში პოსტების გავრცელებას იწყებდნენ ისეთი თემების ირგვლივ, როგორიცაა აშშ-ს არჩევნები და რასობრივი დისკრიმინაცია. აქტივობის მიზანი იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის კამათის ინიცირება და პოლარიზაციის წახალისება.
თვითონ სავჩუკი საშინაო მიმართულებით მუშაობდა. მისი წარმოსახვითი პერსონაჟი რუსი ბლოგერი ქალი იყო, რომელსაც ასტროლოგიის ბლოგი რუსეთში პოპულარულ პლატფორმა ლაივჯურნალზე ჰქონდა. მკითხველის მოსაზიდად შერჩეული თემა მთვარის ეტლის ვენერაში გადაადგილების აღწერისა და პუტინის ოპონენტების დისკრედიტაციის საშუალებას ერთდროულად იძლეოდა.
პოსტების დაწერის შემდეგ ისინი ქარხნის შიდა ქსელში ვრცელდებოდა და ხელოვნურად ზრდიდა ნახვების რაოდენობას, შემდეგ კი სხვა ტროლებს მათი გაზიარება და კომენტირება უწევდათ. ძირითადი ნარატივი ის იყო, რომ პუტინის რუსეთში ცხოვრება მშვენიერი, ხოლო ობამას ამერიკაში ცხოვრება ცუდი იყო.
ორ თვიანი შიდა გამოძიების შემდეგ ლიუდმილამ მოპოვებული ინფორმაცია სააშკარაოზე გამოიტანა, რასაც მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მოყვა. როგორც ყოფილი ტროლი, ამისთვის მზად იყო და მასზე დიდი გავლენა არ ჰქონია.
ლიუდმილას ამბავი თავისი მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე გვხვდება პიტერ პომერანცევის “ეს არ არის პროპაგანდაში” – რომელიც ნაწილობრივ მემუარი, ნაწილობრივ კვლევა და ნაწილობრივ არსებულ გამოწვევასთან ბრძოლის მოწოდებაა. წიგნში პომერანცევი პარალელურად ორ ამბავს მოგვითხრობს. მისი მშობლების, საბჭოთა დისიდენტების – იგორისა და ლინას ისტორიას სსრკ-ში და დღევანდელი საინფორმაციო ომის ისტორიებს რუსეთიდან-მალაიზიამდე ავტორიტარული რეჟიმების თანამედროვე კონტროლის მეთოდებზე განგაშის ასაწევად.
თუ საბჭოთა კავშირის დროს პომერანცევის მშობლებს კაგებე აკრძალული ლიტერატურის კითხვის, წერისა და მოსმენის გამო ავიწროებდა, სიტყვის თავისუფლებას უზღუდავდა და საბოლოოდ დეპორტითაც გამოისტუმრა, ეს უფლებები ახლა თითქმის ყველგან არსებობს და მათი შეზღუდვაც გაცილებით რთულია – რადგან ინტერნეტის ეპოქამ ინფორმაცია ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
თუმცა, მეტი ინფორმაცია სულაც არ ნიშნავს მეტ თავისუფლებას.
სტალინი ცნობილი იყო საკუთარი ოპონენტების ფიზიკურად განადგურებით და შემდგომ მათი ისტორიიდან თუ სურათებიდან ამოშლით. ოპონენტების ნაწილს, როგორც ცნობილია, არც პუტინი წყალობს, თუმცა დღეს ისტორიიდან ვინმეს ამოშლა გაცილებით რთულია, თუ კიმ ჩენ ინი არ ხარ. ბევრად მარტივია ოპონენტის სოციალური მკვლელობა – ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რეპუტაციის შელახვა და შედეგად მისი, როგორც აქტორის დისკრედიტაცია საზოგადოების ან მისი ნაწილის თვალში.
შესაბამისად, დღესდღეობით ავტოკრატიული რეჟიმი მოსახლეობის დაბნევას ყალბი ინფორმაციის, ნახევრად სიმართლისა და ერთმანეთთან დაპირისპირებული ნარატივების სიჭარბით ცდილობენ. სწორედ ამ სტრატეგიასა და მის საფრთხეებზე საუბრობს პომერანცევიც და მას “ხმაურის მეშვეობით ცენზურას” უწოდებს. მისი ერთ-ერთი რესპონდენტი კი „ინფორმაციის სიმცირის იდეოლოგიიდან ინფორმაციის სიმრავლის იდეოლოგიაზე გადასვლას”. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებას ვაწყდებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც.
ეს არ არის ქართული ტროლების ქარხანა
2015 წელს აშშ-ს არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი ფაქტების გავრცელების შემდეგ ფეისბუქი ხშირად ავლენს და შლის კოორდინირებულად მოქმედ გვერდებს, ჯგუფებსა და ანგარიშებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობენ.
ამის არაერთი მაგალითი გვქონია საქართველოს შემთხვევაშიც. მათ შორის 2023 წლის მაისში, როდესაც პლატფორმამ ქართული ოცნების ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების (STRATCOM) დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამ ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა.
Facebook-ის თანახმად, ყალბი ანგარიშები პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. ქსელი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა მთავრობის მხარდასაჭერი კონტენტის გასავრცელებლად, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტების გაზიარებით. ყალბი ანგარიშები დაკავებული იყო ოპოზიციის კრიტიკით, განსაკუთრებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის მიღმა მყოფი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან”, — ვკითხულობთ Facebook-ის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვთ, ყალბი გვერდებიდან კონტენტის რეკლამირებაში დაახლოებით 33 500 დოლარი დაიხარჯა.
2023 წელს წაშლილი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ქსელი ბოლო წლებში გამოვლენილ ასეთ ქსელებს შორის ერთ-ერთი და არა ერთადერთია.
2021 წელს ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა.
ეს არ არის ხმამაღალი აქტორების დისკრედიტაცია
რუსული ქარხნების მსგავსად, ქართველი ტროლებიც დღედაღამ მუშაობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და სასურველი ნარატივების ფორმირებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, ხოლმე, აქციების დაწყებისა და კონკრეტული ადამიანების ხელისუფლების წინააღმდეგ “გააქტიურების” ფონზე. სწორედ ამ დროს იქოქება ტროლების ქარხანა და იწყებს კოორდინირებულ მუშაობას აქციების გაშავებისა და დისკრედიტაციის კამპანიების საწარმოებლად. ამის ყველაზე ახლო მაგალითია რუსული კანონის აქციების გაშავების მცდელობა და ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან ერთად მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია.
თუმცა, ეს სტრატეგია მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე არ არის გათვლილი და ყველა მსგავს ამბავზე ვრცელდება. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ხმამაღალი აქტორების დისკრედიტაციის სხვა ფაქტები უახლესი წარსულიდან.
მაგალითად, 5 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულებას Facebook-ში სიძულვილის გვერდების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან თამთა თოდაძის დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მოჰყვა.
7 აგვისტოს, შოვის ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მთის ამბებთან ინტერვიუში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თავდასხმა და თეა გოდოლაძის საბოტაჟში დადანაშაულება. შემდეგ რუსთავი 2-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც გოდოლაძის მიმართ ოჯახში ძალადობის ცრუ ბრალდებას ეძღვნებოდა. ამას მოჰყვა აღნიშნული დეზინფორმაციის ტირაჟირება სახელისუფლებო გვერდების მიერ.
2023 წლის ივნისში, ისევ რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ნასამართლეობის შესახებ. უბედურ შემთხვევას, რომლის გამოც ნინო დობორჯგინიძეს წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება, 2010 წელს, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნინო დობორჯგინიძის თქმით, ეს იყო მისი ფსიქოლოგიურად განადგურების მცდელობა და თავდასხმა უნივერსიტეტზე, როგორც გამორჩეულ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეზე.
ივნისში განხორციელებულ თავდასხმამდე ორი თვით ადრე, ჯერ კიდევ მარტის აქციების პერიოდში, ნინო დობორჯგინიძე ერთი უნივერსიტეტის მაგალითზე ხსნიდა, თუ რამდენად დამაზიანებელი იქნებოდა რუსული კანონის მიღება. თუმცა, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ეს მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზეზი, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი.
ეს არ არის შეჯამება
პ.ს. ალბათ ახლა უკვე მიგვიხვდით ჩვენი სათაური და ქვესათაურები რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს, როცა სინამდვილეში ნარატორი სულ სხვა ამბავს მოგვითხრობს. სწორედ ეს არის რუსული საინფორმაციო ომის ძალა, შექმნას ალტერნატიული რეალობა, ერთგვარი მრავალი სიმართლე; და იქ სადაც მრავალი სიმართლეა, საზოგადოებაც ფრაგმენტირებულია და ვერ ხერხდება საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია. ქაოსში კი მხოლოდ ბოროტება იმარჯვებს. თუმცა, ალბათ მუდამ უნდა გვახსოვდეს; განსხვავებით აღმოსავლური კულუტირისა, დასავლურ კულტურაში, რისი ორგანული ნაწილიც ჩვენც ვართ, ჰეპი ენდისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.