ელექტრონული მმართველობის ინსტრუმენტები

ელექტრონული მმართველობის ინსტრუმენტები და რამდენად კარგად მუშაობს ისინი საქართველოში? 


ტექნოლოგიურმა პროგრესმა დიდი გავლენა იქონია ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. დღეს უკვე იმდენად ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ სახლიდან გაუსვლელად, რომ კარანტინის პირობებშიც ბევრი არაფერი დაგვაკლდება (სოციალიზაციის და დ ვიტამინის გარდა). ციფრულ ეპოქაში გამარტივდა სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სერვისებიც და არსებობს ქვეყნები (მაგალითად, ესტონეთი), სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისი ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი – დიახ, სახლიდან გაუსვლელად. ჩვენ შემთხვევაში ეს რომ ასე არ არის, ალბათ, ამ ბლოგის გარეშეც გეცოდინებათ, მაგრამ აქ სწორედ იმის ჩვენება გვინდა, თუ რა ელემენტებია გაციფრულებული და რა სერვისები შეგიძლიათ მიიღოთ დღევანდელ საქართველოში სახლიდან გაუსვლელად.

1. ონლაინ პეტიცია: როგორ გავაგონოთ ჩვენი ხმა?

 

თუ ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ხარ, დარწმუნებული ვარ არაერთხელ შეგხვედრია და შესაძლოა, ხელიც მოგიწერია ონლაინ პეტიციისთვის (თუ ჯერ კიდევ არ, აი ichange.gov.ge, გაეცანი, რა იცი რა ხდება 😉 ).

 

აქვე ორი სიტყვით იმაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ონლაინ პეტიციას:

 

ონლაინ პეტიცია მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევის საშუალებაა. ამისათვის უნდა შეხვიდეთ ichange.gov.ge-ზე, დარეგისტრირდეთ, შემდეგ კი დაარეგისტრიროთ თქვენი პეტიცია. ამის შემდეგ დაგჭირდებათ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების – თქვენი თანამოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია შეაგროვოთ თქვენი მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული ამომრჩევლის 1%-ის ხელმოწერა მაინც, პეტიციის შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად. 

 

მას შემდეგ, რაც ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერებს შეაგროვებთ, შეგიძლიათ წარუდგინოთ თქვენი პეტიცია საკრებულოს – ონლაინ. ამის შემდეგ საკრებულო ვალდებულია, 1 თვის ვადაში, განიხილოს თქვენი პეტიცია და დაგიბრუნდეთ პასუხით.

 

ამ პროცესს ამ ეტაპზე ერთადერთი გამოწვევა აქვს – ყველა მუნიციპალიტეტში ონლაინ პეტიციის დარეგისტრირება ჯერ არაა შესაძლებელი.

 

2. მონაწილეობითი ბიუჯეტი: შენი სიტყვა ადგილობრივ პროექტებში

 

ცოტა წარმოუდგენლად კი ჟღერს, მაგრამ არ გეჩვენება – შენ გაქვს შესაძლებლობა, წარუდგინო საკრებულოს პროექტის იდეა ონლაინ, რომელიც გადაჭრის შენს მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე პრობლემას, ან შეგიძლია ხმა მისცე პროექტს, რომელიც უკვე შემოთავაზებულია საიტზე შენი თანამოქალაქეების მიერ. თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის ნარჩენების მართვა, საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წყალმომარაგება, გარე განათება, გამწვანება თუ სხვა.

 

იდეის დარეგისტრირების შემდგომი ეტაპი ხმის მიცემაა. შენს წინადადებას ხმას მისცემენ შენი თანამოქალაქეები. ხმის მიცემა ღიაა შენი მუნიციპალიტეტის ყველა რეგისტრირებული ამომრჩევლისთვის.

 

თუ შენს პროექტს სხვა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, იდეა მუნიციპალიტეტის განხილვის ეტაპზე გადავა და საბოლოო პასუხს ელექტრონულად მიიღებ. ჰოო, რაც მთავარია, ამ ყველაფრის განსახორციელებლად შევდივართ idea.municipal.gov.ge-ზე. 

 

3. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა: შენი უფლებაა იცოდე

 

საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაცია ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყველას აქვს საჯარო ინფრომაციის გამოთხოვის უფლება შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის ელექტრონულად my.gov.ge-ს საშუალებით. 

 

აქვე დეტალურად იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება:

 

ამისათვის, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ პორტალზე my.gov.ge, პირადობის მოწმობით ონლაინ (თუ გაქვთ სპეციალური მოწყობილობა) ან იუსტიციის სახლში ვიზიტით. ამის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ საჯარო ინფორმაციის მიღება წერილობითი განაცხადის წარდგენით, ან პირდაპირ ელექტრონული ფორმით.

 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგალითად, თუ საჭიროა სხვა საჯარო უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება. ინფორმაციის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი, შეგვიძლია, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება უარის მიღებიდან, ერთი თვის განმავლობაში. ამისათვის საჩივარი უნდა დაიწეროს ზემდგომი თანამდებობის პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მისამართით და მხოლოდ ამ საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში  შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 

 

4. საკრებულოს სხდომებზე დასწრება: ანუ როგორ ვიყოთ საქმის კურსში 

 

საკრებულოს სხდომებზე დასწრება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ინფორმირებული და ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ანგარიშვალდებულების ნაწილზეც. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას თვალყური ადევნოთ საკრებულოს სხდომებს მათი ვებსაიტისა და ფეისბუქის live stream-ის საშუალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ონლაინ თუ პირადად, თქვენ გაქვთ უფლება ამ შეხვედრების დროს დაუსვათ კითხვები თქვენს არჩეულ წარმომადგენლებს.

 

საბოლოო ჯამში

 

ესაა ის ელექტრონული მმართველობის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც ამ ეტაპზე თქვენს ხელთაა. ცუდი არაა, ხომ? აბა, შენ იცი და გახსოვდეს, როგორც ძია ბენი იტყოდა – ძალაუფლებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო.



სტატია მომზადებულია დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ ევროპის საბჭოს პროექტის  «მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში» ფარგლებში.