როგორც სტარკები იტყოდნენ, ზამთარი მოვიდა და სეზონის თანმდევმა დისპერსიებმაც დეპრესიებმაც თავი იჩინა.
არ ვიცი, ვინტერფელში როგორ ებრძოდნენ დე ვიტამინის ნაკლებობას, უმზეო ღამეებსა და უმთვარო დღეებს, თან ისე, რომ სიცოცხლის გაგრძელების ხალისი ჰქონდათ, და უფრო მეტიც- ენერგია, ეწვალათ გადარჩენისთვის.
ახლა, რამ ამიშალა ეს ფიქრები. როგორც თავადაც მიხვდებოდით, და დიდი იმედი მაქვს ყველა ქართველს გვაქვს უნარი, ზამთრის არსებობის ეს დიდი ტრაგიზმი გავაცნობიეროთ, ზამთარი მოვიდა. მოტივაციამ დაიკლო და ჩვენში იმ დათვმა გაიღვიძა, რომელსაც გამოქვაბულში შეკეტვა, 6 თვე ცალ მხარზე ძილი და იმ ქონების უძრავად დაწვა უნდა, რომელსაც მთელი წელი იგროვებდა.
ჩვენ დათვის ყოფიერების კონტექსტის მხოლოდ ერთი ნაწილი გვერგო- ცხიმებს მთელი წელი ვიგროვებთ, თუმცა, არათუ წოლით, ზოგჯერ მოძრაობითაც ვერ ვწვავთ.
იკლო დღემ და იკლო ჩვენი ჩემი მოტივაციის დონემაც.
და მეც, როგორც ჭეშმარიტ სასოწარკვეთილ ადამიანს შეეფერება ხოლმე, ხავსს მოვეჭიდე და დავიწყე იმის ძიება, მაინც რა მოქმედებს- რა ზრდის, რა ამცირებს, — მოტივაციას, ენერგიას და სურვილს, გახვიდე გარეთ, შეეჭიდო ჩელენჯებს და შენი არსებობის მარკერები დასვა- თუნდაც სავარჯიშო დარბაზში ორი წვეთი ოფლის დაღვრით.
ჩემი, როგორც ვერშემდგარი ფსიქოლოგის ბექგრაუნდიდან გამომდირანე, დაახლოებით ვიცოდი სად იყო ძაღლის თავი დამარხული და რომელ რეცეპტორს არ ყოფნიდა იმ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოლეკულის რაოდენობა, რომელზეც მთელ ჩემს მომავალს, აწმყოსა და უფრო დიდ მომავალს ვამყარებდი.
გაიცანით- დოფამინი
მაღალი, არც თუ ისე უხვი, და პრინციპში, არც მდაბალი.
შეიძლება ითქვას, ცოტა უშნოც კი.
მოლეკულა, რომელიც კავშირშია მოტივაციასთან, დრაივთან, ფოკუსირების უნართან და კონკრეტული მიზნის განხორციელებისთვის გადადმულ ნაბიჯებთან- ანუ, რაც უფრო მაღალია დოფამინის დონე, მით უფრო მოტივირებულები ვართ ჩავერთოთ ქმედებებში, რომლებიც საბოლოოდ სასურველს მიგვაღებინებს. თუმცა, ‘ Dopamine is about wanting, not about having’.
შესაბამისად, დოფამინის ნაკლებობის დროს- დემოტივირებულად და უენერგიოდ გრძნობ თავს. თუ ოდესმე გქონია მომენტი, როცა დილით იღვიძებ და გირჩევნია ემსაათში აპოკალიფსი მოხდეს ან კომაში ჩავარდე, ვიდრე საწოლიდან ადგე და ყოფიერების ფერხულში ჩაება, მაშინ იცოდე, რომ უდოფამინობა შენც გამოგიცდია.
ჰოდა არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ დოფამინის რაოდენობა ორგანიზმში მჭიდრო კავშირშია დეპრესიასთან. დეპრესიის ჩვეული სიმპტომები- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, დემოტივირებულობა, სურვილის არარსებობა, სიხარულის განცდის უუნარობა- დაკავშირებულია ან დაბალი რაოდენობის დოფამინთან, ან დოფამინის baseline- დონის დისრეგულაციასთან. მაგალითად მას შემდეგ, რაც დიად მიზანს მივაღწევთ, სამოთხის კარი განიხვნება და ჩვენს სისხლში ყველა დოფამინი ერთად გამოვარდება, მომდევნო დღეებში თავს გამოფიტულად და სევდიანად ვგრძნობთ- რადგან პიკის მიღწევის შემდეგ დოფამინის დონე იმ საზღვარს ჩამოცდება ხოლმე, რომელიც სხეულში default-ად გვქონდა.
შეიძლება დიად მიზანს სრულაც არ მიაღწიე- უბრალოდ მეტამფეტანიმი მიიღე, დოფამინის დონე ორგანიზმში 4- ჯერ გაგეზარდა, მაგრამ ცოტახანში პიკიდან თავისუფალი ვარდნით ჯოჯოხეთამდე დაეშვი.
ბედნიერებისა და ‘საკაიფოდ ვარ’ ჰორმონებზე აქამდე რამე თუ გაგიგია- სეროტონინსაც მოკრავდი ყურს. თუმცა ისინი ორ სხვადასხვა მოუდზე გაყენებენ- როცა სხეულში მაღალი სეროტონინის რაოდენობაა, არ მოგინდება გარეთ გახვიდე და მიზნების განხორციელებისთვის ‘ხელები გაისვარო’ — სეროტონინის ტკბობა არის უკვე ‘ქონის / ყოლის’ ტკბობა, კარგად ყოფნის შეგრძნება. აი, ბლომად პენსიას რომ მოაგროვებ, კრუიზზე წახვალ, კოქტეილს მოიდგამ და აარაფრის კეთება არ გინდა, რადგან არაფრის კეთებით ბედნიერი ხარ.
აი, დოფამინი კი კეთებით, მოქმედებით, მთის, ან მუჰამედის გადადგმით მიღებულ ბედნიერებას განგაცდევინებს.
ვისაც ბედმა, გენებმა და ნუტრიციულად არამდიდარმა საკვებმა უმტყუნა, ყოველთვის უწევს ბრძოლა დოფამინის სხვადასხვა მანქანებით გამოსაჩიჩქნად, რისთვისაც რამდენიმე რჩევას მოგცემ:
1. ნუ იქნები მზეთუნახავი — დილის საათებში 10-30 წუთის განმავლობაში დაენახე მზის სინათლეს — სათვალეების გარეშე, თუმცა, მაინცდამაინც თვალებს ნუ დაიბრმავებ მზის თვალებში ცქერით.
დღისით მზის სინათლით- ან თუნდაც ღრუბლებში ჩამალული მზით- ტკბობას ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს. ამ შემთხვევაში კი, დღის სინათლე ორგანიზმში დოფამინის გამოყოფას დაატრიგერებს და დაეხმარება იმ გენების გამოხატვას, რომლებიც დოფამინის რეცეპტორების რაოდენობას გაზრდიან ორგანიზმში.
2. არ მიიღო მელატონინი- ანუ ძილის ჰორმონი. დოფამინის რაოდენობას დაწევს ორგანიზმში და ძილის ნორმალურ პატერნს დაარღვევს. თუ ნორმალური პატერნი აქამდე ისედაც არ გქონია- უძილობის მოსაგვარებლად სხვა მედიკამენტებს გირჩევდი
3. მიიღე კოფეინი- დოფამინის რაოდენობის ზრდასთან ერთად დოფამინის რეცეპტორების მიმღებლობასაც გაზრდის. მაინცდამაინც ძილის წინ ნუ დალევ, ისედაც ინსომნიაკი ხარ
4. რენდომად დაასაჩუქრე თავი — ანუ, არ არის აუცილებელი ყოველი შესრულებული თასქის მერე ერთი ღერი სიგარეტით დაასაჩუქრო თავი, ან ერთი ფილა შოკოლადი მიირთვა. მოკლედ, საკუთარი თავისთვის თავზე ხელის გადასმა ყოველი წარმატებული შედეგის შემდეგ — არ არის რეკომენდირებული. ტვინს არ უნდა ასწავლო — რომ მიზანს მხოლოდ იმიტომ უნდა მიაღწიოს, რომ შემდეგ ‘დასაჩუქრდეს’. უნდა ასწავლო, რომ მიზნის მიღწევის პროცესი ცალკე სიამოვნებაა და ამას მხოლოდ შედეგისთვის — და შედეგის თანმდევი საჩუქრისთვის არ აკეთებ.
თუ რამენაირად დოფამინის დონე მეც დავირეგულირე, იქნებ დოფამინი Vol2- იც დაგაწიოთ.
ის მიმი ხომ იცით?
Son: Mom, why is my sister’s name Khachapuri?
Mom: Cause your Dad loves Khachapuri
Son: Thanks, Mom
Mom: You’re Welcome, Dopamine
Mom — მე ვარ.