გაიდი ახალბედა ინტროვერტებისთვის

ის ფრაზა ხომ გსმენიათ „დადიოდა და თვალებით ეძებდა ნაცნობებს ამ ქალაქში, მაგრამ აქ არავინ იყო, საერთოდ არავინ, ვისთანაც საუბარი შეეძლო“. ინტროვერტებიც ასე ვართ, ქალაქში სიარულისას თვალებით ნაცნობ სახეებს დავეძებთ, თუმცა საუბრისთვის ნამდვილად არა. პირიქით, გვინდა დავასწროთ შემჩნევა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შეხვედრის ალბათობა და უსიამოვნო მომენტები ავიცილოთ თავიდან. ამისთვის მზად ვართ სხვა ქუჩაზეც შევუხვიოთ ან ტელეფონში თავჩარგულმა სწრაფად ჩავუაროთ, იქვე ერთი-ორ ფილას წამოვკრათ ფეხი, გავწითლდეთ და ბოლოს ბედნიერებმა ავწიოთ თავი ნაცნობების ახალი პარტიის შეხვედრამდე.

თუ ამ აბზაცში შენი თავი ამოიცანი მაშინ ეს სტატია ყურადღებით წაიკითხე,  გამოგადგება.  

 

სიტუაცია პირველი – საზოგადოერივი ტრანსპორტი

თუ გსურს, რომ სამსახურიდან სახლში მისვლის დავალების შესრულებისას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავინ შეგეხოს, რუსთაველიდან გლდანში ფეხით მოგიწევს წასვლა, რადგან რომელ ტრანსპორტშიც არ უნდა ახვიდე, დიდი შანსია, ვიღაცის მძიმე კიდური ჩაგეხუტოს (თუ ჩემსავით გამხდარი ხარ, მაშინ მითუმეტეს). 

თუ ფიქრობ რომ ფანჯარასთან დავჯდები და ერთი მხარე მაინც იქნება თავისუფალი, ნაწილობრივ მართალი ხარ. კარგი სტრატეგიაა. სხვა შემთხვევაში კი მეტროს, ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სიტუაციები არ განსხვავდება. ერთი მხრიდან ვიღაცის მუხლი მოგებჯინება, მეორედან კი ვიღაცის წვეტიანი იდაყვი გექნება თვალიდან რამდენიმე სანტიმეტრში, ამ შემთხვევაში შენი ფიზიკური მდგომარეობის ბედი არათუ შენი ან ღმერთის, არამედ იმ მძღოლის ხელშია, რომელმაც შეიძლება ისე დაამუხრუჭოს ან მოუხვიოს, როგორც ჰოლივუდის კასკადიორებსაც კი იშვიათად გამოსდით.  (ყველანი კარგ მძღოლებს ებარებოდეთ) 

ფეხზე დადგომაც ვერ გიშველის, ან როგორ გიშველის, ქართველები იმ კარებსაც ვეყრდნობით, რომელსაც 2x ბოლდით აწერია „არ მიეყრდნოთო“.

მოკლედ, არც მიწის ქვევით და არც მის ზევით საშველი არ არის. 

 

სუტიაცია ორი – სეირნობისას ნაცნობი შეგხვდა

ქუჩის სტრატეგიულ თამაშში, ნაცნობის შეხვედრის გარეშე დასრულება შფოთვის ხარისხს არ ადაბლებს, იმის შანსი რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნაცნობი დალანდო ყოველთვის არის. თუმცა არაუშავს თუ ხანდახან არ გაგიმართლებს, თამაშია, ხან მოიგებ, ხან წააგებ.

 

სიტუაცია სამი – წვეულება რომელზე წასვლაც გესიკვდილება 

თუ საქმე წვეულებაზე წასვლას ეხება, შეგიძლია გამოიყენო მეთოდი – ტყუილის იდეალურად დაგეგმვა ხანმოკლე დროში. აი ისეთი ტყუილის  ბოლოს გულიც კი გწყდება, რომ არავინ ჩაგეძია, არადა დეტალები იდეალურად გქონდა გათვლილი. 

პ.ს ინტროვერტებო, თუ გგონიათ, რომ თქვენი ტყუილს დასასრული აკლია, დამშვიდდით, იმ მამიდაშვილის სახელის ხსენების შემდეგ, რომელიც არ არსებობს, სავარაუდოდ აღარც აღარაფერს გკითხავენ.

წვეულებაზე მისვლიდან 5 წუთში თუ წამოხვედით ან ამის სურვილი გაგიჩნდათ, ეს ნორმალურია და შეგიძლიათ ამით საკუთარ თავთან იამაყოთ კიდევაც, რადგან ზოგი საერთოდაც არ მივედით. რა თქმა უნდა, საპატიო მიზეზების გამო, მარსიდან მეგობარი ჩამოფრინდა საქართველოში და უნახავად უკან გაშვება ვერ გამოვიდოდა.

 

სიტუაცია ოთხი – სოლო მოგზაურობა 

მარტო მოგზაურობის უნარებიც განვითარებული გვაქვს. არ ვამბობ, რომ თუ ინტროვერტი ხარ, აუცილებლად მარტომ უნდა იმოგზაურო, თუმცა თუ ამის სურვილი გაქვს, რატომაც არა?! იმათთვის, ვინც გეკითხება მარტო როგორ მოგზაურობ, ნუთუ არ გეშინიაო, საპასუხო კითხვას მოგცემთ, (კარგი თავდაცვა კარგი შეტევაა) მეორე ადამიანთან ერთად მოგზაურობის არ ეშინიათ? რომ არ მოუნდეს თანამეგზურს ცივი ომის მუზეუმში შესვლა ან იშთარის კარიბჭის ნახვა, ჯეირანით გადაწყვეტენ რა გააკეთონ? ან ნეფერტიტის ქანდაკების სანახავი ბილეთის ნაცვლად, მართლა ორმაგი ჩიზბურგერი რომ შეუკვეთოს მაკდონალდსში? თუ ასეა, ფრი არ დაავიწყდეთ. მოულოდნელი იერიშის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ მოუყვეთ როგორ გაიღვიძეთ, ადექით და წახვედით შუაღამით, უცხო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მხოლოდ იმისათვის, რომ ოკეანეში გაგეცურათ (ან ნებისმიერი თქვენთვის საამაყო და საშიში ისტორია, სადაც მეორე ადამიანის სიზარმაცე, ანდაც ძილის სიყვარული ჩაშლიდა მთელ ამბავს)

 

სიტუაცია ხუთი – საკუთარი თავის შეცნობა

შეგვიძლია საკუთარ ბიოგრაფიაზე პოემა დავწეროთ და გავუგზავნოთ სხვას, მაგრამ როგორც კი ამის მოყოლას გვთხოვენ, ეს პოემა სამ, მაქსიმუმ ოთხ წინადადებად შეიკვეცება და ამის გამო დარდს არ მიეცეთ. ხანდახან უნივერსიტეტში გატარებული 4 წელიც მავიწყდება და უმაღლესი განათლების გარეშე ვაცნობ ხალხს საკუთარ თავს, უადგილო ნერვიულობას ბევრი რამ შეუძლია.

კიდევ ბევრი დარჩა?

არა, ბოლოს მივადექი. 

ბარში, კინოში, კონცერტზე, გამოფენაზე თუ სადაც გენებოთ, მარტო წასვლა მოსულა თუ კომფორტულად იქნები საკუთარ თავთან ერთად. აქ ინტროვერტობა არაფერ შუაშია, ისედაც ასეა და არა, ეს დეპრესიის ქონას და მეგობრების არ ყოლას არ ნიშნავს.

თავისუფალი დრო და სურვილები ხშირად მეორე ადამიანისას ვერ ემთხვევა. ინტროვერტების შემთხვევაში, ეს ორი დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მაინც შეგვიძლია მეორე ადამიანის გარეშე ვიმოქმედოთ და კომფორტულად ვიყოთ ამ დროს. ექსტროვერტებს შეიძლება გაუკვირდეთ, ბოულინგი საკუთარ თავს როგორ უნდა ეთამაშო ან ღამის კლუბში მარტო როგორ უნდა წახვიდეო, მაგრამ შეუძლებელი არაფერიას პრინციპით, ეგეც შესაძლებელია. 

საბოლოოდ, ამდენი საიდუმლოს გამხელის შემდეგ, შეიძლება ექსტროვერტებმა მაინც ვერ გაგვიგონ ინტროვერტებს, რადგან მათთვის სამყარო ცოტა სხვანაირად მუშაობს, თუმცა არაუშავს, ვერ გაგება გასაკვირი არაა, რადგან ხანდახან საკუთარი თავის თავადაც არ გვესმის, ჩვენ თავზე მეტად კი ექსტროვერტებს ვერ ვუგებთ (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ წვეულებაზე მიგვათრევენ, სადაც მასპინძლის გარდა არავის ვიცნობთ).

 

ავტორი: საბა ხითარიშვილი