თუ უნივერსიტეტში აღებულ და შემდეგ ვიტრინაში გამოდებულ ორ დიპლომს დროდადრო აპათიურად ახედავ ხოლმე და ფიქრობ, ნეტა სხვა რამე მესწავლაო, მარტო არ ხარ. უფრო მეტიც — გვიანაც არ ხარ.
თანამედროვე კიბერ-რეალობა უამრავ პროფესიას გთავაზობს ციფრული სამყაროს ფერხულში ჩასაბმელად. შეიძლება, შემდეგ შენს აპათიასაც ეშველოს და მაღალანაზღაურებად სამსახურსაც გამოკრა ხელი.
ჰოდა, გადახედე ბლოგს, სადაც გური სიჭინავა მოგიყვება თავის გამოცდილებაზე — იქნებადა UX/UI დიზაინი ის ამბავია, შენ რომ უნდა მოყვე?
რა არის UX/UI?
სახელმა არ შეგაშინოს, შელოცვა არაა და არა, არც დემონს გამოიძახებ შემთხვევით მისი ხმამაღლა წარმოთქმით.
UX იგივე User Experience ქართულ ენაზე სამომხმარებლო გამოცდილებად ითარგმნება; ხოლო UI — User Interface — სამომხმარებლო ინტერფეისად — გამოსახულებად.
სამომხარებლო გამოცდილებას ვიღებთ სამომხარებლო პროდუქტების/სერვისების გამოყენებისას. არ აქვს მნიშვნელობა ციფრული სერვისი იქნება ეს, თუ — ფიზიკური.
მაგალითად გამოვიძახეთ ტაქსი აპლიკაციით, ეს მთლიანი პროცესი გამოძახებიდან მგზავრობის დასრულებლამდე იქნება სამომხარებლო გამოცდილება.
ხოლო აპლიკაციაში გამოყენებული ვიზუალური მხარე იქნება სამომხარებლო ინტერფეისი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სერვისის მარტივად აღქმასა და ხელმისაწვდომობას. მოკლედ რომ ვთქვა, აპლიკაციას თუ დაბნეული არ უყურებ და ღილაკების მოსაძებნად დაგუგლვა არ გჭირდება — ე.ი დიზაინერმა თავისი საქმე კარგად შეასრულა.
რას მოიცავს ეს პროფესია?
UX/UI მიმართულება ორგანიზაციებში ძირითადად რამდენიმე დისციპლინად და, შესაბამისად, რამდენიმე სხვადასხვა პროფესიად იშლება ხოლმე. ასე, მაგალითად, არსებობენ როგორც UX, ისე UI დიზაინერები, კიდევ უშუალოდ პროდუქტის დიზაინერები, პროდუქტთან ინტერაქციის დიზაინერები, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინერები და ა.შ.
თუმცა, თუ ერთდროულად UX-იც ხარ და UI-ც, მაშინ დიდი შანსია, კომპანიები სანთლით გეძებდნენ.
ორივე დისციპლინაში არის სტანდარტები — იგივე საუკეთესო გამოცდილებები — რაც ერთგვარი საზეპირო მასალაა იმისთვის, რომ შენი შექმნილი პროდუქტი, მინიმალურად საუკეთესო მაინც იყოს.
მაგალითად, ზემოთ ხსენებულ ტაქსის აპლიკაციაში არსებობს სტანდარტული გამოცდილება, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს უკვე. შესაბამისად თუ თქვენ ამ გამოცდილების ანალიზს არ გააკეთებთ, ვერ გაიგებთ, რა იქნება მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის ვარიანტი.
სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით (რამდენი ხანია ამ მიმართულებით მუშაობ, სად გიმუშავია და მუშაობ ახლა)?
ზოგადად ციფრულ მიმართულებაში ვარ დაახლოებით 9 წელია. აქედან უშუალოდ დიზაინში 7 წელია ვმუშაობ, მიმუშავია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის კომპანიებთან, როგორც გუნდის წევრად, ასევე Freelance დიზაინერადაც. ამჟამად ვმუშაობ Pensight HQ-ში. ლონდონში დაფუძნებულ კომპანიაში, რომელიც ქმნის ციფრულ სერვისს ყველასთვის, ვისაც თავისი ცოდნის გაციფრულება უნდა.
რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია?
თითქმის ყველა მიმართულებით — ლოჯისტიკა, საბანკო, სამთავრობო, საგანმანათლებლო, კრეატიული, კრიპტო და ა.შ. ბოლო 3.5 წელი ვმუშაობდი საქართველოს ბანკში და ვავითარებდი საბანკო შეთავაზებების ციფრულ გამოცდილებებს.
რა გზა გაიარე UX/UI დიზაინერობამდე?
როგორც თავიდან ვთქვი, ზოგადად ციფრულ სფეროში ვმოღვაწეობდი. სოლიდურ დონეზე ვიცოდი Front-end development, რაც მაშინ მხოლოდ მარკაპით შემოიფარგლებოდა, ცოტა ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა, ვებსაიტების ვიზუალურ/პროგრამულ მხარეს ვაწყობდი.
რას ურჩევდი ამ პროფესიით დაინტერესბულ ადამიანებს?
როგორც იტყვიან, ჯერ არ არის ეს პროფესია ბოლომდე დახვეწილი, შესწავლილი და გაგებული. შესაბამისად ძალიან Საინტერესო მიმართულებაა და ბევრი რამის აღმოჩენის ფაზაში ვართ. თან ძალიან მოთხოვნადია ჯერ-ჯერობით და ტემპს არ კარგავს.
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა UX/UI დიზაინერმა?
როგორც სხვა ყველაფრის, ასევე ამ პროფესიის შესწავლა და მისი შეყვარება მარტივი არაა 🙂 უნდა გინდოდეს.
როგორია საბაზრო ფასები – ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები? $$
ფასები საკმაოდ მაღალია, ევროპაში წლიური იწყება 60K — 100K EURO — დან, ბრიტანეთშიც იგივენაირად ოღონდ — ფუნტში, აი, ამერიკაში 120K- დან იწყება და 200K — მდე ადის.
ეს, რა თქმა უნდა, კარგად გამოცდილი დიზაინერის შემთხვევაში.
ჯუნიორის საშუალო ხელფასი თვიურად 1500$ — 2500$ — ია.
რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის?
რადგან Experience Design-ერი ვარ, ინსპირაციის წყაროდ ვიყენებ ხოლმე ყველაფერს, რასაც ადამიანები ცდიან/ქმნიან.
ნებისმიერი ფიზიკური თუ ციფრული გამოცდილება ჩემთვის მთავარი ინსპირაციაა.
რაღაცნაირად Experience Hunting-ს ვაკეთებ ხოლმე და ვეძებ საინტერესო გამოცდილებებს.
იმედია ინტერესი გაღვივებულია, თვალებში დოლარის სიმბოლოები გინთია და ახლა ტელეფონში რაიმე აპლიკაციას ხსნი, კრიტიკული თვალით დასაკვირვებლად ^_^
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
Product owner NFT არტისტი სქრამ მასტერი ქოფირაითერი პროგრამისტი
სოც მედია მენეჯერი ედვერთაიზერი გრაფიკული დიზაინი მონაცემთა ვიზუალიზაცია
კონტენტ მეიქერი Motion დიზაინერი
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.