თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახლანდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი კონტენტ მეიქერის თვალით დანახულ პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.
რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით 😉
მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი და გაყევი გოჩა ვანაძეს ამ პროფესიის აღმოსაჩენად.
ვინ არის კონტენტ მეიქერი?
ზოგადად, ამ პროფესიის წარმომადგენელს ევალება მარკეტინგული პრობლემების ჭკვიანური გადაწყვეტების მოფიქრება.
რას მოიცავს ეს პროფესია?
ყველა ბრენდს აქვს რაღაც სათქმელი, რომელიც მომხმარებლამდე უნდა მიიტანოს მარტივად, სამიზნე აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე და თან ისე, რომ ემოციური კავშირი დაამყაროს მათთან. ბრენდების მიზანია მომხმარებელს ამ გზით დაამახსოვრონ თავი. Რეკლამა მაშინ არის კარგი, როცა სამიზნე აუდიტორია საკუთარ თავს დააკავშირებს ბრენდთან.
ზოგადად არ არის აუცილებელი, რომ ბრენდის ყველა პოსტი ეხებოდეს სერვისს. Პირიქით, ასე გაცილებით რთულია ვინმეს დაამახსოვრდე. Მთავარია ბრენდიც აღიქვა პერსონად, რომელსაც აქვს პრინციპები, მახასიათებლები, მოტივები, ემოციები და მათი გავლით ესაუბრო მომხმარებელს. Სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია დიდი ხნით ახსოვდე ვინმეს.
ამ ყველაფრის მისაღწევად ჩვენი ბერკეტია სოციალური მედიის სხვადასხვა ტიპის პოსტები, ვიდეორგოლები ან ნებისმიერი სხვა რამ, რისი განთავსებაც შეიძლება სოციალურ ქსელებში. Ასერომ ჩვენი საქმეა კომპანიის მარკეტინგული მიზნების შესაბამისად, ამ პოსტების, ვიდეოების და ნებისმიერი სხვა რამის შინაარსის მოფიქრება, გასაგებ ენაზე გადმოცემა და დიზაინერისთვის, ფოტოგრაფისთვის ან სტუდიისთვის მიწოდება. Სოცმედიის გარდა, საკომუნიკაციო არხები შეიძება იყოს, გარე ბანერები, ტელევიზიის რეკლამა, პროდუქტის განთავსება, სერიალებში და ასეშემდეგ.
სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით
ციფრული სააგენტოებისთვის კონტენტს თითქმის ორი წელია ვაკეთებ. Პირველი ნაბიჯები KRAKEN-ში გადავდგი, სადაც დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ვიმუშავე ამ პოზიციაზე. შემდეგ გადმოვედი ჩემს ახლანდელ სამსახურში («Quick») კრეატიული დირექტორის პოზიციაზე.
ყველაფერი პირველ სამსახურში ვისწავლე. Ზოგადად ამ სფეროში ცოდნის აკრეფა არცთუისე რთულია, თუ შემოქმედებითი აზროვნება და კარგად წერა შეგიძლია. Მითუმეტეს, თუ ჩემსავით გაგიმართლა და აღმოჩნდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც უყოყმანოდ გაგიზიარებენ ცოდნას. თანაც როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი კარგი კურსიც არსებობს, რომელიც საბაზისო «ფორმულების» ათვისებაში დაგეხმარებათ, თუმცა, საქმეში აკრეფილი უნარ-ჩვევები უფრო პრაქტიკულია ხოლმე.
რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის?
ინსპირაციისთვის გამოდგება ყველაფერი: ფილმი, მუსიკა, წიგნი, უბრალოდ შემთხვევით ნანახი სულელური ვირუსული ვიდეო ინტერნეტში, ისეთი მოგონება, რომელიც სავარაუდოდ სხვა ადამიანებთან იზიარებ და ასე შემდეგ. მთავარია რას შეამჩნევ ახალს, ისეთს, რაც სხვების ცხვირწინაც იყო ამდენი ხანი, მაგრამ არ შეუხედავთ იმ კუთხით, რა კუთხითაც შენ აჩვენებ. ან შეუმჩნევიათ, მაგრამ შენ ამ აზრის გადმოცემის უფრო საინტერესო ფორმა მოძებნე. ინსპირაციის ძებნისას ეცადე თავი წარმოიდგინო სამიზნე აუდიტორიის ადგილას და მოიფიქრო ისეთი რამ, რაც მათთვის იქნება ახლობელი და არა პერსონალურად შენთვის.
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა კონტენტ მეიქერმა
თუ სააგენტოში აღმოჩნდები, შენ მოგიწევს ძალიან მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა და და ბევრნაირი ბიზნესის სპეციფიკაში გარკვევა. მზად უნდა იყო, რომ ერთ დღეს შეიძლება სამშენებლო მასალების შესახებ გიწევდეს ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება, დახარისხება და საკომუნიკაციო მესიჯებად ქცევა, მეორე დღეს კი იგივე უნდა გააკეთო, ვთქვათ, შოკოლადისთვის. ეს პროცესი შეძლება იყოს ძალიან საინტერესოც და ძალიან მოსაწყენიც. ამიტომ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საქმე ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება და ხანდახან შემოქმედებითი კრიზისიც შეიძლება დაგეწყოს. თუმცა, თუ მთლიანობაში ეს პროფესია საშენო აღმოჩნდება, ამ კრიზისთან გამკლავებას ზოგჯერ ისე შეძლებ, რომ შეიძლება ვერც იგრძნო და არც სამუშაოს ხარისხზე აისახოს.
როგორია საბაზრო ფასები — ამ პროფესიით გავმდიდრდები?
Სამწუხაროდ არ ვიცი რა არის საშუალო ხელფასი კონტენტკრეატორებისთვის. ვივარაუდებ, რომ სააგენტოებში 1000-დან 2500 ლარამდე უნდა მერყეობდეს. თანაც დიდი კომპანიები, რომლებსაც მარკეტინგის შიდა გუნდი ჰყავთ, გაცილებით უკეთეს პირობებსაც სთავაზობენ თანამშრომლებს. მატერიალური თვალსაზრისით, ამ საქმის უპირატესობა ის არის, რომ არ ხარ შეზღუდული ბაზრით და შესაძებლობა გაქვს იმუშაო საერთაშორისო ბრენდებთანაც. Ასევე, საკმაოდ მარტივად ხელმისაწვდომია ეგრეთწოდებული «ფრილანსები». ამას ისიც ემატება, რომ თუ შენი საქმის წამოწყებას გადაწყვეტ, ამ სფეროში მიღებული ცოდნა ძალიან დაგეხმარება მარკეტინგული აქტივობების სწორად წარმართვაში. ამ პროფესიით გამდიდრება გარანტირებული ნამდვილად არ არის, თუმცა შესაძლებლობები ბევრია.
რას ურჩევდი კონტენტ მეიქერობით/მეიქინგით დაინტერესებულებს?
სხვადასხვა ეტაპზე თითქმის ყველა სააგენტო მზად არის აიყვანოს გამოუცდელი კადრი გამოსაცდელი ვადით, ასწავლოს საქმე და შემდეგ გრძელვადიანადაც დაასაქმოს. ასერომ თვალი ადევნეთ მათ ვაკანსიებს ან არ მოგერიდოთ, მისწერეთ თქვენზე და მოიკითხეთ ხომ არ აქვთ ადგილები სტაჟიორებისთვის. ასე ნამდვილად შესაძლებელია რომელიმე სააგენტოში იმდენი ხნით მოხვედრა, რომ გააცნობიეროთ რამდენად გაინტერესებთ სფერო და გინდათ მეტის შესწავლა. თუ სტაჟირებამდე თეორიული ცოდნის მიღება გსურთ, ინტერნეტში უამრავი წყაროა საამისოდ.
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.