ამერიკაში მოღვაწე ქართველი გენერალი – ჯონ მალხაზ შალიკაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი;
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი;
ვიეტნამის ომის მონაწილე;

სულ ცოტა 24 მილიტარისტული მედლის მფლობელი;
Პროფესორი;
პირველი უცხოელი, რომელიც ამერიკაში უმაღლესი სამხედრო თანამდებობა მიიღო;
ქართველი.

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ამბავთა იმ სერიიდანაა — სადაც მრავალი ჩვენთვის უცნობი ქართველი გმირი იყრის ხოლმე თავს. უცნობი, იმიტომ, რომ წუთისოფლის უცნაურმა მსვლელობამ, ბედმა, გარემოებებმა თუ სხვადასხვა ფაქტორმა, ასეთ ქართველებს გადაუწყვიტა — სხვა ქვეყანაში ეცხოვრათ და იქ მოეპოვებინათ გმირის სახელი. 

ერთი ასეთი გმირი კი, გენერალი ჯონია — ეროვნებით ქართველი — ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. პოლონეთში  1936 წელს დაბადებულა და იმ გვარის შთამომავალი ყოფილა — ფესვებს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში რომ ვაწყდებით. მამამისს — დიმიტრი შალიკაშვილს პრინცის წოდება ჰქონდა და რუსულ არმიაში მსახურობდა. თუმცა, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, პრინცი დიმიტრი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლკოვნიკი გამხდარა. 

1921 წელს კი — როცა ის ბოლშევიკური პარტიის წითელი საცეცები საქართველოსაც მოადგა — დიმიტრი თურქეთში იმყოფებოდა. მოუწია, სხვა ემიგრაციაში მყოფებთან ერთად პოლონეთში გადახიზნულიყო. მოკლედ, ისე მოხდა, სსრკ-სთან ბრძოლა უწევდა და როგორ უნდა დასრულებულიყო ეს ამბავი, თუ არა 1952 წელს მთელი ოჯახის ამერიკაში გადაცხოვრებით. 

სწორი გადაწყვეტილებაც მიუღია — მაშინ ჯერ კიდევ ვერ იფიქრებდა, ალბათ, მისი შვილი, ჯონი — ისტორიაში პირველი უცხოელი იქნებოდა, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსი — ანუ ამერიკაში უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე პირი გახდებოდა. 

შალიკაშვილის ცხოვრების ისტორიაზე პრეზიდენტი ობამა ამბობდა — ‘only-in-america’ — ამბავიაო. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ საიდან დაიწყო მისი ოჯახის ისტორია და შემდეგ როგორ განვითარდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ არის რაღაცები, რაც  მართლაც მხოლოდ ამერიკაში ხდება. 

თავად შალიკაშვილი ჰყვებოდა — ამერიკაში ჩასულს ‘yes’ და ‘no’- ს გარდა სხვა სიტყვები არ ესმოდა და ცდილობდა ენა —  ჯონ ვეინის ფილმების ყურებით ესწავლა.
1958 წელს გენერალმა “Shali”-მ (ასე შეარქვეს, რადგან ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ცოტა არ იყოს რთული წარმოსათქმელი და საკმაოდ გრძელი სახელი იყო) — ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მანამდე ის ‘უშტატოდ’ მიიჩნეოდა — არ ჰქონდა ოფიციალური ეროვნული მიკუთვნება, რადგან მშობლიური ქვეყნებიდან დევნილი მშობლების შვილი იყო. ამავე წელს მექანიკური ინჟინერიის სკოლაც დაამთავრა და შემდეგ პროფესიულ ხარისხად — საერთაშორისო საქმეები აირჩია. 

გენერალი ჯონის სამხედრო კარიერა კი მისი რიგითის სამსახურში ჩაყენებიდან დაიწყო — ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, წოდება-წოდებით, მილიტარისტულ იერარქიულ კიბეზე ავიდა და ისე მოხდა, რომ გენერალური შტაბის უფროსადაც მოგვევლინა — ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში. 

უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე გენერალი SHALI- ის წარდგენისას ბილ კლინტონმა განსაკუთრებული ყურადღება მის ბიოგრაფიაზე გაამახვილა — ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ის დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ემიგრანტს შეუძლია ისტორიაში პირველად — დაიკავოს თანამდებობა, რომელიც აქამდე მხოლოდ ამერიკელებს ეკავათო. Სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა საქართველო ამერიკის სამხედრო პარტნიორების პროგრამების დაწყებას და სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, ნატო და ამერიკა მეგობრობის ხელს საქართველოს უწვდიდნენ იმ დროს, როცა აშშ-ში  უმაღლესი სამხედრო თანამდებობა ქართველს ეკავა.

1968-69 წლებში ვეიტნამში გაგზავნეს — სადაც ერთ-ერთი უბნის მთავარი მრჩევლის პოზიცია ეკავა, მსახურობდა გერმანიაში საარტილერიო დივიზიის მეთაურად. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მეთაურობით ჩატარებული სამშვიდობო ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელიც ჩრდილოეთ ერაყში — სპარსეთის ყურის ომის შემდგომ (ე.წ Gulf Wars) დახმარებას ემსახურებოდა. მისია საკმაოდ მძიმე და კომპლექსურ მოლაპარაკებების სერიას მოიცავდა — ერთი მხრივ თურქეთის მთავრობასთან, ხოლო მეორე მხრივ — ერაყელ სამხედროებთან. ამბობენ, რომ 700.000 ქურთის ჩრდილოეთ ერაყში მშვიდობიან ზონაში დასახლებას — სწორედ შალიკაშვილს უნდა უმადლოდნენო.

Ამ მისიის დროს გენერალი თურმე ხშირად სტუმრობდა ქურთთა ბანაკებს და Როცა ჰკითხეს, რა იყო ასეთი ხშირი სტუმრობის მიზეზი, მან უპასუხა:

‘Როცა ხედავ ბავშვებს, რომლებიც ტალახში ამოგანგლულები, ჭუჭყიანები და ლამის სიკვდილის პირას მყოფები არიან — და შემდეგ, რამდენიმე კვირის მერე მათ სუფთებს და  მხიარულად  მოთამაშეებს იხილავთ — ისე, როგორც ყველა ბავშვი უნდა გრძნობდეს თავს — რთულია გულგრილად ჩაუარო ამ სცენას. აი, ამანაც თუ არ იმოქმედა შენზე — ე.ი ჩვენ ძალიან განვსხვავდებით’. 

Გენერალი SHALI 1992-93 წლებში ევროპაში NATO–ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას ითავსებდა- ხოლო 1997 წლამდე ამავე კომიტეტის თავმჯდრომარე იყო და პრეზიდენტი კლინტონის მრჩეველი ისეთი პრობლემური ზონების საკითხებში, როგორიც ბალკანეთი, ჰაიტი და სხვ. იყო. 

როგორც პრეზიდენტი კლინტონი იხსენებს, შალიკაშვილი საკმაოდ კრიტიკულად უყურებდა NATO-ს ყოყმანს ჩარეულიყო ბოსნიას კონფლიქტში  და იმასაც ამატებს, გენერალს არ უყვარდა მიკიბულ-მოკიბული საუბარი, ყველაფერს ყოველთვის ზუსტად და ისე ამბობდა, როგორც იყოო. Აღსანიშნავია, რომ გენერალი შალიკაშვილი ერთ-ერთი იმ სამხდროთაგანი იყო, რომელმაც ნიუ-იორკ-თაიმსში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ჯორჯ ბუში ერაყში წარმოებული ომის გამო ხმამაღლა გააკრიტიკა.

38 წლიანი მსახურების შემდეგ, გენერალი შალიკაშვილი ტოვებს სამხედრო სამსახურს და განათლების მიმართულებით ცდის ბედს — იგი სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის პროფესორი ხდება.

გენერალი Shali აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაშიც, თუმცა 2004 წელს მიღებულმა გულის შეტევამ ის ნახევრად პარალიზებული დატოვა. 

2005 წელს გენერალმა «შალიკაშვილების სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიის მუზეუმს» თავისი სამხედრო  ჯილდოები და მუნდირი უსახსოვრა, რომელზეც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ამოიკითხავდით წარწერას — SHALIKASHVILI. 

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ეროვნებით ქართველი- ამერიკაში მივიდა როგორც ადამიანი, რომელიც არც ერთ მიწას არ ეკუთვნოდა — 16 წლის ლტოლვილი —  და 2011 წლის 23 ივლისს მოღვაწეობა დაამთავრა როგორც მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალის უმაღლესი თანამდებობის ჯარისკაცმა.