აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) / შიდსი

განმარტება

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის ვირუსული ინფექცია რომელიც აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ხოლო შიდსი წარმოადგენს აივ ინფექციის გვიან სტადიას, რომლის დროსაც ორგანიხმის იმუნური სისტემა ძლიერ დაზიანებულია ვირუსის შედეგად.

ეპიდემიოლოგია

აივ ინფექციამ ადამიანისთვის პათოგენურ ფორმად მუტაცია განიცადა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ცენტრალური აფრიკის რეგიონიდან. მანამდე ვირუსი მხოლოდ შიმპანძეებში იყო გავრცელებული. არსებობს აივ-ის ორი ტიპი (HIV-1 და HIV-2), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ვირუსი გავრცელებულია პლანეტის ყველა კონტინენტზე და გვხვდება ყველა სქესის, რასისა და სექსუალური ორიენტაციის პირებში.

გავრცელების გზები

აივ ვირუსი გადადის ინფიცირებული სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმით, ინტრავენურ ნარკომანებში რომლებიც საერთო ნემსს მოიხმარენ, ტატუირების არასათანადოდ სტერილიზებული ნემსით, სქესობრივი გზით (ვაგინალური, ანალური და ორალური სექსი) და პერინატალური გზით (საშვილოსნოსშიდა  ნაყოფის ინფიცირება, ვაგინალური გზით მშობიარობისას ნაყოფის ინფიცირება და დედის რძით ახალშობილის ინფიცირება)

აივ არ ვრცელდება შემდეგი გზებით: ჰაერი, წყალი, კოღოები, ტკიპები ან სხვა მწერები, ნერწყვი, ცრემლები ან ოფლი, რომელიც არ არის შერეული ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, კოცნა და შეხება (აივ არ შეიძლება გადაეცეს ჯანსაღი, დაუზიანებელი კანით), საერთო ტუალეტი, კერძების, ჭურჭლის გაზიარება, კოცნა და შეხება, აივ არ შეიძლება გადაეცეს ჯანსაღი, დაუზიანებელი კანით.

რისკ-ჯგუფში შემავალი პირები

ვირუსის გადაცემის მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: ინტრავენული ნარკოტიკების მომხმარებლები, სქესობრივად აქტიური პირები (განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა) რომლებსაც მრავალი პარტნიორი ყავთ, სექს-მუშაკები, აივ დადებითი ორსულებში-ნაყოფი/ახალშობილი, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რომლებსაც შეხება აქვთ ინფიცირებულ პირებთან (ინფიცირებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტა).

სიმპტომები

განსხვავდება დაავადების სტადიის მიხედვით: აივ ინფიცირებიდან პირველ რამდენიმე კვირას მწვავე ინფექციის სტადიას უწოდებენ. ამ დროს უხშირესად ვლინდება გრიპის მაგვარი სიმპტომები. თუ ინფიცირებული პირი არ არის გათვითცნობიერებული დაავადების გადადების გზებში, მათ გონიათ რომ უბრალოდ სეზონური გრიპით არიან ავად. ამ ეჭვს განსაკუთრებით უმყარებთ დაავადების მეორე სტადია რომელსაც ლატენტური ფაზა ეწოდება. ამ დროს აივ-ის საწყისი სიმპტომები ქრება და ვირუსი იწყებს ორგანიზმში აქტიურად გამრავლებას. უსიმპტომო პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვედან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. საბოლოოდ როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტება შეუქცევადად ზიანდება იწყება შიდსის სტადია. ამ დროს რადგან იმუნური ბარიერი ძლიერ დაქვეითებულია ვითარდება ოპორტუნისტული ინფექციები ან ოპორტუნისტული სიმსივნეები – დაავადებები რომლებიც ჩვეულებრივ არ იწვევენ ავადმყოფობას ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.  ასეთი ტიპის დაავადებებია: პნევმოცისტური პნევმონია, კანდიდოზი, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი, ლიმფომა, კაპოშის სარკომა და ნევროლოგიური გართულებები.

დიაგნოსტიკა

აივ-ის დიაგნოსტირება შესაძლებელია სისხლის ან ნერწყვის ანალიზით.

ნუკლეინის მჟავის ტესტები (NATs).  ამ ტესტების მეშვეობით განისაზღვრება რეალური ვირუსი სისხლში (ვირუსული დატვირთვა). ის წარმოადგენს ინფიცირების შემდეგ პირველ ტესტს, რომელიც დადებით შედეგს აჩვენებს.

ანტიგენ/ანტისხეულის ტესტებიამ ტესტების მეშვეობით სისხლში განისაზღვრება აივ-ის ანტიგენები და ანტისხეულები. დადებითი შედეგი შეიძლება აჩვენოს ინფიცირებიდან 2-6 კვირაში.

ანტისხეულების ტესტები. ამ ტესტების მეშვეობით სისხლში ან ნერწყვში განისაზღვრება აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. აივ-ზე სწრაფი ტესტების უმეტესობა წარმოადგენს ანტისხეულების ტესტებს. დადებითი შედეგი შეიძლება აჩვენოს 3-12 კვირაში.

მკურნალობა

ძირითადი მკურნალობის მეთოდი არის ანტირეტროვირუსული თერაპია, რომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა ინფიცირებული პირის მკურნალი ექიმის მიერ.

პრევენცია

უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი  ( ინფიცირებულ პირთან სქესობრივი კონტაქტისაგან თავის შეკავება, პრეზერვატივის სწორი და რეგულარული გამოყენება), ისეთ პირებში ვისაც ხშირად უწევს ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი პრევენციის მეთოდად რეკომენდირებულია ანტირეტროვირუსული თერაპია და რეგულარული ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (STD) და აივ ინფექციაზე (HIV). თუ გაქვთ ინფიცირების ეჭი სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან პირველადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 239-80-18, (+995 32) 239 57 29