„ავატარი“ – საბავშვო ანიმაცია არა და მეორე…

სათაურში ნახსენები ანიმაცია «ავატარი: ლეგენდა აანგზე»  სულაც არაა «საბავშვო» და თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო, საინტერესო და დიდებული რამაა, თუმცა, ახლა ფილმ «ავატარზე» ვისაუბრებთ. პირველი ნაწილის პრემიერიდან 13 წლის შემდეგ, 2022 წლის მიწურულს იხილავს მაყურებელი ფილმის მეორე ნაწილს. სანამ ამ მოლოდინს უფრო განვავრცობდეთ, პირველ ფილმს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, თუ როგორი უცნაურად და მომნუსხველად ლამაზი კადრებით გვიყვება ჯეიმს ქემერონი დედამიწიდან უცნაურ და შორეულ პლანეტაზე გაგზავნილი საზღვაო ქვეითის ისტორიას. კამერები, რომლებსაც გადასაღებად იყენებდნენ სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. როგორც ცნობილი წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცით, ბევრი ხელოვნურად შექმნილი, გამოგონილი ენა არსებობს, რაც მკითხველსა და მაყურებელს, თითქოს, უფრო მეტად უკვალავს გზას ავტორის მიერ წარმოდგენილ სამყაროში შესაღწევად. ამ ენის შემქმნელებმა გამოიგონეს არამხოლოდ ენის  სახელი და ხალხი ვინც ამ ენაზე ისაუბრებდა, არამედ, გრამატიკა და ლექსიკა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გამოგონილი ხელოვნური ენების ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი შემქმნელია ტოლკინი, რომლის შთაგონებითაც ზოგადად ფენტეზის სამყარომ დაიმკვიდრა თავი. ფილმ «ავატარში» რომ ყველაფერი შეძლებისდაგვარად «რეალური» ყოფილიყო, ამერიკელმა პროფესორმა შექმნა Naʼvi Language, რომლის შესწავლაც შესაძლებელია ინტერნეტსივრცეში.

სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ და აღვიდგინოთ პირველი ფილმის ისტორია, გავიხსენებთ, რომ მეცნიერების  გამოგონილი ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანები ქმნიან ავატარს, რათა შეაღწიონ უცნობ და იდუმალ სამყაროში. მათი მიზანი არა ამ სამყაროსადმი ინტერესი, არამედ, სამყაროს ჩამოშლა, ამ საოცრების ნანგრევებად ქცევა და სიმდიდრედ გარდაქმნაა. მალევე ვამჩნევთ იქაური მაცხოვრებლების დამოკიდებულებას სიცოცხლისა და, ზოგადად, არსებობის მიმართ. სიცოცხლის ხეს, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური არქეტიპია მსოფლიოს მრავალ მითოლოგიაში, ფილმში ძალიან დიდი როლი აქვს. ზეცისა და ქვესკნელის ერთმანეთთან მაკავშირებელი სულების ხე, მათი მოგონებების შემნახველი სიცოცხლის წყაროა. პანდორას მკვიდრი რომ გახდე და მათი მხრიდან პატივისცემა მოიპოვო, მათი «დანახვა» უნდა შეძლო.

ვფიქრობ, ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ თავად ამ სიტყვის — ავატარის გააზრების პარალალურად, მაყურებელმა საკუთარი თავი მისიის შემსრულებლად, რაღაც საინტერესო გზაზე მიმავალ პიროვნებად წარმოიდგინოს. როცა პანდორას მიწაზე მთავარი გმირი ავატარად შეაბიჯებს, იქაური მაცხოვრებლებისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულების გააზრების შემდგომ მალევე იქცევა პიროვნებად. თითქოს, ის ავატარი, სხვა ადამიანის ბრძანების გამტარი კი არა, უკვე თავადაა პიროვნება, რომელსაც თვალი აეხილა და გადარჩენის მისიით ევლინება უცხო მიწას, საიდანაც, გმირის მოგზაურობის სტანდარტული პრინციპის საფუძველზე, მალევე განიდევნება. თუმცა, მისი მხრიდან მალევე ხდება გააზრება, რომ ის მისიის შემსრულებელი და მაკავშირებელი ხიდია უზენაესსა და მიწიერ სამყაროს შორის. მის მიერ მიტოვებული, უსულოდ დატოვებული ადამიანის სხეული თითქოს სიმბოლოა იმისა, რომ რაღაც ახალმა, რაღაც დიადმა უნდა გაიღვიძოს და ასეც ხდება. მთავარი გმირი იქცევა ბალანსად სიკეთისა და ბოროტების მიჯნაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ავატარის მისია სრულდება და თავად ხდება შემოქმედი.

ამ ისტორიის გაგრძელებას, კერძოდ, ფილმ «ავატარის» მეორე ნაწილს, „Avatar: The Way of Water»-ს 16 დეკემბერს ვიხილავთ. როგორც ოფიციალური ტრეილერების მიხედვით ვხედავთ, მოვლენები ძირითადად ოკეანეში ვითარდება. ამ ყოველივეს უკეთ გასააზრებლად და დასაფიქსირებლად გადამღებმა ჯგუფმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. ფილმი მოგვიყვება მთავარი გმირის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანდორას წევრად ქცეული პიროვნების ოჯახის წევრებზე, რომლებიც ერთმანეთის გადასარჩენად თავს არ ზოგავენ. ახალი ნაწილი აღწერს მოვლენებს, რომლებიც პირველი ნაწილიდან 10 წლის შემდეგ ხდება. გარდა იმისა, რომ ძველი მსახიობები დაბრუნდებიან, ასევე, ფილმში ვიხილავთ ქეით უინსლეტის გმირს, რომელსაც თავად მსახიობი ლოიალურ და უშიშარ ლიდერად მოიხსენიებს. როგორც რეჟისორი ამბობს, მოლოდინი იმისა, რომ მეორე ნაწილიც გაამართლებს დიდია, შესაბამისად, გეგმაში კიდევ რამდენიმე ნაწილის გადაღება აქვს. ვნახოთ, ექნება თუ არა «ავატარის» მეორე ნაწილს გაკვირვებისა და აღფრთოვანების ის ეფექტი, რაც პირველმა ნაწილმა გამოიწვია მაყურებელში.