პაპილომავირუსი (HPV) – რა ვიცით მის შესახებ ?

რას წარმოადგენს HPV?  

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას. ისევე როგორც სხვა ტიპის ვირუსებს HPV – საც გააჩნია მრავალი სახეობა (უფრო კონკრეტულად 100-ზე მეტი) რომელთაგან  40-ზე მეტი გადადის სქესობრივი კონტაქტით. დაავადების გავრცელების არეალის მიხედვით გამოყოფენ პაპილომავირუსის ორ ფორმას: რომელიც ვლინდება კანის ზედაპრზე და რომელიც ვლინდება ლორწოვანზე.

გავრცელების გზები

ადამიანის პაპილომავირუსი ძალზე გადამდები ინფექციაა. იგი ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტის დროს, ასევე კანით კანთან კონტაქტისას და ვაგინალური ტიპის მშობიარობის დროს. ადამიანის პაპილომავირუსი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადებაა.

სიმპტომები

იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა სიმპტომები მიუთითებს პაპილომავირუსის არსებობაზე, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სხეულის რა ნაწილს აზიანებს ვირუსი. კანის ფორმის პაპილომავირუსი იწვევს მეჭეჭების წარმოქმნას. ადგილმდებარეობის მიხედვით მეჭეჭები იყოფა შემდეგ ფორმებად: ჩვეულებრივი მეჭეჭები – კანის ზედაპირიდან წამოწეული, უხეში მუწუკების ფორმის წანაზარდებია, რომლებიც უხშირესად არ არის მტკივნეული, იგი უბრალოდ უსიამოვნოა. პლანტარული მეჭეჭები -მტკივნეული მარცვლოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც ჩდება ქუსლებზე. ბრტყელი მეჭეჭები- კანის ზედაპირიდან წამოწეული ბრტყელი ფორმის გამონაზარდებია, რომლებიც შეიძლება ყველგან გაჩდნენ. ბავშვებში ძირითადად გვხვდება სახეზე, მამაკაცებში წვერის ზრდის არეალში, ხოლო ქალებში – ქვედა კიდურებზე. რაც შეეხება ლორწოვანის ფორმის პაპილომავირუსს, მისი გამოვლინების ფორმა გენიტალური მეჭეჭებია. ისინი ჩდება ყვავილოვანი კომბოსტოს, მცირე ზომის მუწუკების ან პატარა ღეროს მსგავის წამონაზარდების სახით. გენიტალური მეჭეჭები იშვიათად იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს, თუმცა შესაძლოა აღინიშნოს ქავილი და მტკივნეულობა. ქალებში უმეტესად ვულვაზე ჩდება, თუმცა შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელზე, საშოსკედელზე ან ანუსის გარშემო. მამაკაცებში გენიტალური მეჭეჭები ჩდება პენისზე და სკროტუმზე ან ანუსის გარშემო.

ლორწოვანის ტიპის პაპილომავირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს: საშვილოსნოს ყელის კიბო, ანალური კიბო, პირის ღრუსა და ყელის კიბო, ვულვის კიბო, ვაგინალური და პენისის კიბო.

რისკის ჯგუფები

სქესობრივად აქტიური პირები, მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ქალები რომელთა ოჯახურ ანამნეზში დაფიქსირებული იყო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები, იმუნოკომპრომიტირებული პირები და ახალშობილები რომელთა ინფიცირებულმა დედებმა ვაგინალური გზით იმშობიარეს.

ორსულობა და პაპილომავირუსი

ორსულებში პაპილომავირუსის გამოვლენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება ვაგინალური წესით მშობიარობისას. ახალშობილებში პაპილომავირუსის გამოვლინება ხდება სახეზე მეჭეჭების წარმოქმნის სახით. შესაბამისად აუცილებელია ინფიცირებული დედების საკეისროს წესით მშობიარობა.

დიაგნოსტიკა

ბაბეს-პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ ტესტი) – წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ნაცხის აღებას და სიმსივნისწინა უჯრედების გამოვლენის მიზნით მორფოლოგიურ-მიკროსკოპული ტესტის ჩატარებას.

HPV დნმ ტესტირება  და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) 

პაპ ტესტის რუტინულად ჩატარება რეკომენდირებულია დაიწყონ გოგონებმა 21 წლიდან, 21 დან 29 წლამდე – ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო 30 დან 65 წლამდე ქალებმა პაპ ტესტთან ერთად უნდა ჩაიტარონ  HPV დნმ ტესტირება  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.    

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. კანის ფორმის პაპილომავირუსით გამოწვეული მეჭეჭები შესაძლოა თავისით გაქრეს თუმცა თუ პაციენტს ესთეტკიურ ან სხვა ტიპის დისკომფორტს უქმნის მათი მოშორება შესაძლებელია მედიკამენტებით, ელექტრული დენით მოწვით ან კრიოლიზით (თხევადი აზოტით მოყინვით). HPVით გამოწვეული კიბოს შემთხვევაში მიმართავენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ქურურგიულ ჩარევას.

პრევენცია

საშვილოსნო ყელის კიბოს რუტინული სკრინინგი – 21-დან 65 წლამდე ქალების რუტინული სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების ერთერთი ეფექტური მეთოდია.

დაცული სქესობრივი კონტაქტი და ორმხრივ მონოგამური სქესობრივი კონტაქტი – პრეზერვარივის გამოყენება მხოლოდ ამცირებს პაპილომავირუსის გადაცემის რისკებს, რადგან HPV- შეუძლია დააინფიციროს ის ადგილები, რომლებსაც პრეზერვატივი არ ფარავს.

ვაქცინაცია – HPV ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. რეკომენდირებულია ვაქცინაცია ჩატარდეს 11 წლიდან (გოგონებში და ბიჭებში) და სქესობრივად არააქტიურ ზრდასრულებში. იგი გვიცავს საშვილოსნოს ყელისა და პენისის კიბოს განვითარებისგან.  

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პრევენვიული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრს. ცხელი ხაზის ნომერი: 032 231 22 78